Bloomberg - სექტემბრის პირველ ნახევარში რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირება 5-თვიან მინიმუმამდე დაეცა

სექტემბრის პირველ ნახევარში რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პორტებიდან ნედლი ნავთობის დღიური მიწოდება ორ კვირაში, თითქმის, 900 ათასი ბარელით, საშუალოდ, 2,54 მილიონი ბარელამდე შემცირდა, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლო კვირაში დღიური მიწოდება 3.42 მილიონ ბარელს შეადგენდა.

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო გადაზიდვები დღეში 3 მილიონ ბარელზე დაბლა ხუთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად დაეცა. Bloomberg-ის შეფასებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყნის ხელისუფლებას საექსპორტო გადასახადების შემცირება კიდევ 15%-ით მოუწევს, რომ ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები ნაწილობრივ აღადგინოს.

ამასთან, სააგენტო ვარაუდობს, რომ ოქტომბერში ერთი ბარელი რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შესაძლოა, 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცეს.

„ამაზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს როგორც ნავთობის მსოფლიო ფასების კლებამ, ასევე, Urals-ის მარკის ნავთობზე ფასდაკლების ზრდამ Brent-თან მიმართებაში,“ - წერს სააგენტო.

20 სექტემბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გამო მეორად სანქციებზე კანონპროექტს ამზადებს. შესაბამის დოკუმენტზე მერილენდელი დემოკრატი, კრის ვან ჰოლენი და პენსილვანიელი რესპუბლიკელი, პატ ტუმი მუშაობენ. მოელიან, რომ ეს ინიციატივა აზიის ქვეყნებზე რუსული ნავთობის დაბალ ფასად გაყიდვებს შეაჩერებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ