ვიქტორ წილოსანის განმარტებით, დღეს რომ თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებოდეს, ეს კიდევ უფრო დიდ კოლაფსს შექმნიდა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განმარტებით, დღეს რომ დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებოდეს, ეს კიდევ უფრო დიდ კოლაფსს შექმნიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 18 მეტრიანი ავტობუსების მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.

„დღეს მდგომარეობით, ჩვენ მგზავრთნაკადი რაც გაგვაჩნია, არსებული ავტოპარკით შეგვიძლია თავისუფლად მოვემსახუროთ. პიკურ პერიოდებში, ყველაზე დატვირთული ხაზები სადაც არის, იმ ადგილებში ხდება ზუსტად შეფერხებებიც. ჩვენ ფაქტობრივად დაგეგმილის ნახევარს ვემსახურებით იმიტომ, რომ ავტობუსი დათქმულ დროში სრულად ვერ ასრულებს სრულ ბრუნს. დაგეგმარების დროს საცობის გათვალისწინება ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ ეს არის დროის და პიკის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეის მდგომარეობით, რომც მივაწოდოთ და გვყავდეს 18 მეტრიანი ავტობუსები, ფიზიკურად ვერ გავუშვებთ ქალაქში, რადგან კიდევ უფრო დიდ კოლაფსს შექმნის. მნიშვნელოვანია, ძირითადი კვანძები დარეგულირდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ მომდევნო წლის ბოლომდე ამ სამუშაოებს დავასრულებთ და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება 18 მეტრიანი ავტობუსების მიწოდება“, - განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დროის გათვალისწინება და ლოკაციების შერჩევა, თუ სად შეიძლება გადაადგილდნენ ავტობუსები. გარდა ამისა, წილოსანმა საცობების წარმოქმნის მიზეზებზეც ისაუბრა.

„დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისად, ბევრი კვანძი შეფერხებით გადაადგილდება. აქედან გამომდინარე, ქალაქში შეფერხებები გვაქვს. ძირითადად 20 კვანძია, რომელიც პრობლემატურია და კვანძების გამტარუნარიანობა დაბალი არის. დაახლოებით 15-20%-ით თუ შემცირდება მგზავრთნაკადის ავტომობილზე დამოკიდებულება, შეეძლება გამტარუნარიანობა გაიზარდოს და ჩვეულ რეჟიმში გაატაროს ქალაქმა და ქუჩებმა ეს ნაკადები. ამიტომ, ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებს ვქმნით“, - განაცხადა წილოსანმა.