შემოსავლების სამსახურსა და უზბეკეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლის ოქმი და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე აკმალხუჟა მავლონოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ დელეგაციის წევრებს „თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს და შეთანხმდნენ, მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის მუშაობა განაგრძონ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბაჟო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ახალი გამოწვევების შესახებ.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და უზბეკეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკმალხუჟა მავლონოვმა ხელი მოაწერეს ოქმს - საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ.

ამასთან, მხარეებმა პროფესიული სწავლების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. „თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ტვირთების გაფორმებისას, მომხმარებლისთვის საჭირო ელექტრონული მომსახურების მიღების პროცესს დაესწრნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათ, ასევე მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.