აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესისგან დაპატიმრებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის დაკანონებას ითხოვს

აშშ-მა შესაძლოა, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა დააკანონოს. ამ თხოვნით, ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტმა კონგრესს მიმართა. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე მინისტრთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ ადამსის განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ადამსის თქმით, აშშ-ის კანონმდებლობაში ჩამორთმეული თანხების გამოყენებაზე ბევრი რეგულაცია ცვლილებებს მოითხოვს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაბლოკილი რუსული სახსრებითა და ქონებით მოხდეს.

„ასეთი წინადადება საშუალებას მისცემს იუსტიციის, ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტებს, ერთად იმუშაონ აშშ-ის მთავრობის მიერ ჩამორთმეული რუსული თანხების უკრაინისთვის გადასაცემად ზარალის ანაზღაურების მიზნით,“ - ამბობს ადამსი.

ენდრიუ ადამსი აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენების მომხსენებელია, რომელზეც ტრადიციულად რუსეთზე ზეწოლის გამკაცრებას განიხილავენ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მკაცრი სანქცია დააწესეს. მათ შორის გაიყინა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევარი, რამაც, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ