კახეთსა და ლუქსორის გუბერნიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ლუქსორის გუბერნიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხების ხელმოწერა ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით, დიპლომატიური არხებით განხორციელდა.

საგარეო უწყების ცნობით, ეგვიპტის მხარე მიესალმება კახეთთან თანამშრომლობას. აღინიშნება, რომ თანამშრომლობა კულტურის, ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორივე მხარისათვის საინტერესო იქნება. ლუქსორში, ისევე როგორც კახეთში, განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მევენახეობა. ლუქსორი ასევე მუშაობს ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე და იგეგმება გუბერნიის გაფართოება. მასში სამომავლოდ წითელი ზღვის კურორტი მარსა ალამიც შევა.

აღსანიშნავია, რომ ლუქსორს მსოფლიოს უდიდეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს უწოდებენ. მასში განლაგებულია ეგვიპტის უმთავრესი ტურისტული ღირშესანიშნაობები, მათ შორის, ტაძრების ნანგრევები, კომპლექსები და მონუმენტები (კარნაკი, ლუქსორის ტაძარი, მემნოსის კოლოსი, ჰაცეფსუთის სასახლე), ასევე, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ფარაონთა სამეფო სამარხები (მეფეთა და დედოფალთა ველი). ლუქსორიდან იწყება ნილოსის კრუიზები, რომელიც ასუანამდე გრძელდება.