გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, ალექსანდრე დარასთან და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.

მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება დაემატა.

„სახიფათო ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სახიფათო ნარჩენების მართვის პროცესში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა აუცილებელია. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და სამინისტროების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა მდგრადი გარემოს უზრუნველყოფის მთავარი წინაპირობაა.

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.