ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია 9-კაციანი შემადგენლობით. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ 21 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად საკონკურსო პირობები დაადგინა და კონკურსი გამოაცხადა.

კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული - ათი ათასი ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge