აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას.

„ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა, სწორედ ამ ამოცანის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის ვეტერანების მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ ერთობლივად იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.