რუსეთის მოქალაქისთვის 360 დღეა საქართველოში ყოფნის უფლება, პროცედურების ,,გაწელვით", შეუძლია მინიმუმ ერთი ამდენი დაჰყოს - იურისტი

რუსეთში გუშინ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციებია და მანამ, სანამ აგრესორი საზღვრებს ჩაკეტავს, მოქალაქეები ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მექნიზმები ირთვება საქართველოში მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურება.

იურისტი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სტატუსის ცვლილების მოთხოვნით და სხვადასხვა პროცედურებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დროის ,,გაწელვა“ შეუძლიათ.

„ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნაში დაშვებული დროით ყოფნის შემდეგ, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც დაჯარიმების, ასევე ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იგივე სტატუსით რჩება 360 დღის განმავლობაში და არ იძენს 100 000 ლარს+ ქონებას, არ იცვლის სტატუსს, არ ითხოვს ბინადრობის უფლებას და ა.შ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპია ასეთი და შემდეგ დამატებითი მექანიზმები და სამსახურები ირთვება. საქმეში ერთვება მიგრაციის სამსახურიც. თუ კი, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქისთვის 360 დღეა საქართველოში ყოფნის უფლება, მოქალაქეობის, ცხოვრების ან ბინადრობის უფლების, ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით და სხვა პროცედურებით, მინიმუმ კიდევ ერთი ამდენი შეუძლია გაწელოს პროცესი და მასზე არ ამოქმედდეს სანქცირების ან გაძევების მექანიზმი.

მაგალითისთვის რომ გითხრათ ასეთია მექანიზმი მაშინაც, როცა ჩვენი მოქალაქეები, ევროპაში ითხოვენ ლტოლვილის სტატუსს“, - განაცხადა ალაფიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, როგორც ტელეგრამ არხი „მედუზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის დასრულებამდე, ანუ 27 სექტემბრამდე არ იგეგმება, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს თუ ის უკონტროლო გახდება.

თამარ მუკბანიანი