პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ განხილვას ნინო თანდილაშვილი დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და წლის ბოლომდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.

ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამა საქართველოს კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციაში ეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესების პროგნოზირება და მოქალაქეების დროული ინფორმირება.

„პროგრამის ფარგლებში, 139 მეტეოროლოგიური და 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განთავსდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს ტექნოლოგიური სისტემების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სპეციალისტებს, მომდევნო წლების განმავლობაში, ამინდის უკეთესად პროგნოზირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი წყალმოვარდნებისგან დაიცავს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ცნობიერების ამაღლების კომპონენტსაც მოიცავს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, მრავალმხრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, პროგრამის ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.

„პროგრამა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.