„აქამდეც არ გვაკლდა რუსი ვითომ დევნილები, მაგრამ მობილიზაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ საზღვარს უბრალოდ, მოაწყდნენ" - ცოტნე ჯაფარიძე

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რუსეთი მღელვარების დიდმა ტალღამ მოიცვა. მოსახლეობა ქვეყანას პანიკურად ტოვებს.

არაერთი კადრი გავრცელდა სოციალურ ქსელში ლარსის საბაჟოდანაც, სადაც მსუბუქი ავტომობილების უწყვეტი რიგია. ასევე, ფასები უპრეცედენტოდაა გაზრდილი ავია რეისებზეც.

როგორც ტურისტული კომპანიის „ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, „ჩამოსული რუსებიდან ტურისტები მინიმალური რაოდენობით არიან. ეს საცხოვრებლად ჩამოსული ხალხია, რომელიც მხოლოდ საფრთხის შემცველია და არანაირი სარგებელი არ გვექნება მათგან".

„დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში არ არსებობს. აქამდეც არ გვაკლდა რუსი ვითომ დევნილები, მაგრამ იქ მობილიზაციის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, საზღვარს უბრალოდ, მოაწყდნენ. იგივე ხდება ფინეთში და მონღოლეთში, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვადარდებს. არგუმენტი, რომელსაც იშველიებენ, რომ რუსი ტურისტი მოდის და ფულს ხარჯავს, აბსურდია. ჩამოსული რუსებიდან ტურისტები მინიმალური რაოდენობით არიან. ეს საცხოვრებლად ჩამოსული ხალხია, რომელიც მხოლოდ საფრთხის შემცველია და არანაირი სარგებელი არ გვექნება მათგან.

თუ ისინი არიან ტურისტები, კეთილი ინებონ და შემოიღონ 30-დღიანი სავიზო რეჟიმი. ეს ცხადია, არ უნდა გავრცელდეს ეთნიკურ ქართველებზე, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, ან აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ამ ხალხში, რომელიც საქართველოში ჩამოდის, უამრავია აგენტი და მებრძოლი, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგაც შეიძლება ჰქონდეთ ნაბრძოლი. ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ,,ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს. ახლა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანებულია რუსეთის იზოლაციისთვის. მხოლოდ ირანი და ბელარუსია სხვა მხარედ და სამწუხაროდ, ამ სიაში ვართ ჩვენც და ვაკეთებთ ყველაფერს, არ ,,ვაწყენინოთ“ რუსეთს. ეს გამოიწვევს ჩვენს ფარდის უკან აღმოჩენას, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება.

ქალაქში ( მოსკოვში) 10 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობს და აქციაზე მდგომთა რაოდენობა ძალიან მცირე და არაფრისმომცემია. ამიტომ არგუმენტი, რომ ხალხს იქ რაღაც არ მოსწონს, არარელევანტურად მეჩვენება. საქართველოში შემოსული ადამიანების ეს ოდენობა კი პირდაპირ ჰიბრიდული ომის აქტიური ფაზაა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მყისიერი დაპირისპირება როგორც კი რუსეთი უკრაინაში წააგებს. თავიანთი დამარცხების ,,გაპრავება“ და გადაფარვა შეიძლება საქართველოს დაპყრობით მოახდინონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ ,,საქმეში“.

ინფორმაციისთვის, როგორც ტელეგრამ არხი „მედუზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის დასრულებამდე, ანუ 27 სექტემბრამდე არ იგეგმება, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, შეიცვალოს თუ ის უკონტროლო გახდება. სწორედ 27 სექტემბრამდეა ფასი უპრეცედენტოდ მაღალია რუსეთიდან ავია რეისებზე.

თამარ მუკბანიანი