სამინისტრო - 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელმა კომპანიებმა 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი მიიღეს

22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელმა კომპანიებმა 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი მიიღეს, რის შედეგადაც, ფერმერებმა 1,1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 10 გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.

პროგრამა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სამრეწველო ვაშლი ჩააბარონ რაც, ამავე დროს, ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას ხელს უწყობს.