მარიამ ქვრივიშვილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა. კონფერენცია იტალიის ქალაქ ალბაში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენცია, რომელმაც ევროპის წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციებს მოუყარა თავი, მე-6-ედ ჩატარდა და მიეძღვნა ღვინის ტურიზმში ინოვაციების დანერგვას, აქცენტი გაკეთდა ღვინის ტურიზმის მდგრად განვითარებაზე, ციფრული და სოციალური ტექნოლოგიების გამოყენებით ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის მხარეების უპირატესობების უფრო მეტად აქცენტირებასა და პოპულარიზებაზე.

„ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო ღვინისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გავაცნოთ საქართველოს ღვინის, ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ, ასევე შევხვდეთ საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განვიხილოთ. მოხარული ვარ, რომ გლობალურ დონეზე საქართველოს ღვინის ტურიზმის ინდუსტრია დადებითადაა შეფასებული და ბევრი ქვეყნისთვის სახელდება მაგალითად, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მეღვინეობისა და ტურიზმის სექტორებმა, რათა საქართველოს მსგავსად მაღალ შედეგებს მიაღწიონ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას და უფრო მეტად გაძლიერებას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდნენ მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების - იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა, მოლდოვის, სან-მარინოს, ბულგარეთისა და სერბეთის წარმომადგენლები.