3 რჩევა, როგორ ავარიდოთ თავი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს

ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მაგრამ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს, აქაც საჭიროა სპეციალისტების ჩარევა - ასე ეხმაურება სატრანსპორტო კოლაფსს თბილისის ქუჩებში ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძე. როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი კიდევ ბევრია.

„ძალიან მტკივნეული თემაა და გვინდა თუ არ გვინდა, ყველას გვეხება, რადგან გადაადგილება ყველას გვიწევს. მთელი ეს სიტუაცია უღრან ტყეში შესვლას მაგონებს, როცა გგონია, რომ მოკლე გზით გადაივლი ამ ტყეს და რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო შორდები იმ გზას, საიდანაც გადაუხვიე. ადრე თუ გვიან უკან დაბრუნება მოგიწევს, რათა სწორ გზაზე გააგრძელო სიარული და ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, უნდა დავბრუნდეთ, საიდანაც გადავუხვიეთ და თავიდან დავიწყოთ შეცდომების გამოსწორება.

ყველაფრის წყალში გადაყრა, რაც გაკეთებულა, სწორი არ იქნება, მაგალითად, ძალიან კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი ბევრია და ჩამოვთვლი:

პარკირება - საცობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როდესაც ავტომობილები მიმოფანტულია და გასაჩერებელი არ აქვს. აქ საუბარია როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა პარკინგებზე, ასევე დახაზულზე. რა რაოდენობის ავტომობილიც გვაქვს, ეს მაინც უნდა უზრუნველვყოთ. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მანქანები არ შემცირდება, ეს არის უკანასკნელი, რასაც საქართველოში შეელევიან. შეიძლება არ ჰქონდეს ტელეფონი და ა.შ. მაგრამ მანქანა აუცილებლად ექნება. უცხოეთში, მაგალითად, სადაც მუშაობენ, ცდილობენ იქვე იქირაონ ან იყიდონ ბინა. ჩვენ, გაქვს სახლი, დიდი ალბათობით სხვა უბანში გაქვს ერთი სამსახური, და კიდევ სხვა უბანში მეორე სამსახური, ხშირია ასე, რადგან ერთი სამსახურით ოჯახს ვერ შეინახავ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული, რათა ასეთ დროს ნებით გადავსხდეთ და არა იძულებით. შეიძლება სამსახური 1 კილომეტრში გქონდეს, მაგრამ ვერც ველოსიპედით მიხვალ, რადგან ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, აღმართ-დაღმართიანია. ასევე, ფიზიკურად შესაძლოა, ყველა ვერ იყოს იმ ფორმაში, რომ ეს ერთი კილომეტრი იაროს. საერთოდ კატასტროფა ხდება შშმ პირებისთვის. ამიტომ, თითო კატეგორია უნდა გავმართოთ ჯერ და არა ყველა ერთად. მაგალითად, მოვაგვაროთ ჯერ ფეხით მოსიარულეების პრობლემა. იმ უღრან ტყეში ვართ და ხან ერთ მხარეს მივდივართ, ხან - მეორე.

ქალაქი მიდის სიმაღლეში - თბილისის მდებარეობა არ იძლევა ამდენი მშენებლობის საშუალებას, დაუშვებელია ამდენი კორპუსის მშენებლობა გაგრძელდეს ქალაქის ცენტრში. უნდა გაიშალოს ეს არეალი.

შუქნიშნები - მათი დამატება ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას. რაც მეტია შუქნიშანი, მით მეტი საცობი იქმნება.

მე მგონია, ქალაქის მერს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ანუ იმას, რაც იმ მომენტში მისთვის იქნება მისაღები. უცხოელ სპეციალისტებს კი ვენდობით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომლისთვისაც ის საცობი უშუალოდ დისკომფორტია. ჩემი აზრით, უფრო სწორ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებენ და იმ უღრან ტყეში აღარ შევლენ. მათ უნდა თქვან სინამდვილეში რაც არის და არა ის, რაც ამა თუ იმ ადამიანს გაუხარდება“, - ამბობს მელაძე.

მისივე თქმით, დღეს თბილისში გადასაადგილებლად ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი სკუტერია. „სამწუხაროა, მაგრამ ასეა. სამწუხარო იმიტომ არის, რომ სკუტერს ყველა ვერ მართავს, ამასთან, ტვირთს ვერ გადაიტან ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ მარტო ხარ, საუკეთესო გამოსავალია“.

მევლუდ მელაძის თქმით, ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მაგრამ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს, აქაც საჭიროა სპეციალისტების ჩარევა, რომლებმაც უნდა გამიჯნონ თუნდაც ეს მიმავალი და მომავალი ხაზები ერთმანეთისგან, რომ არ შეიქმნას მსგავსი კოლაფსი.

ამასთან, სპეციალისტი მოსახლეობას 3 რჩევას აძლევს, თუ როგორ გავიმარტივოთ გადაადგილება თბილისის ქუჩებში

  1. პატივი ვცეთ ერთმანეთს და მაქსიმალური მოთმინება გამოვიჩინოთ;
  2. ფეხით მოსიარულეებს ვურჩევდი, წინასწარ ისარგებლონ სპეციალური აპლიკაციით, გათვალონ დრო და გადაწყვიტონ, აწყობთ თუ არა ესა თუ ის მარშრუტი.
  3. სახელმწიფოს წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად მოქნილი გახადონ გზები და დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა შეწყვიტონ.

ეკა დარჩიაშვილი