ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტ ბრიუს გოსპერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი დაესწრნენ.

„მხარეებმა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს დაუთმეს. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება და 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, რომლის მიხედვითაც რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა.

ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, საუბარი რეგიონულ ფორმატებში პარტნიორობის საკითხებს შეეხო, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.