„მანქანები არ შემცირდება, ეს არის უკანასკნელი, რასაც საქართველოში შეელევიან“ - კოლაფსის მიზეზები დედაქალაქში

„ეს პრობლემა ყველას გვეხება, რადგან გადაადგილება ყველას გვიწევს. ძალიან კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი ბევრია და ჩამოვთვლი“ - დედაქალაქში შექმნილი კოლაფსის გამომწვევი მიზეზების შესახებ ექსპერტმა სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

პარკირება - საცობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როდესაც ავტომობილები მიმოფანტულია და გასაჩერებელი არ აქვს. აქ საუბარია როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა პარკინგებზე, ასევე დახაზულზე. რა რაოდენობის ავტომობილიც გვაქვს, ეს მაინც უნდა უზრუნველვყოთ. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მანქანები არ შემცირდება, ეს არის უკანასკნელი, რასაც საქართველოში შეელევიან. შეიძლება არ ჰქონდეს ტელეფონი და ა.შ. მაგრამ მანქანა აუცილებლად ექნება. უცხოეთში, მაგალითად, სადაც მუშაობენ, ცდილობენ იქვე იქირაონ ან იყიდონ ბინა. ჩვენ, გაქვს სახლი, დიდი ალბათობით სხვა უბანში გაქვს ერთი სამსახური, და კიდევ სხვა უბანში მეორე სამსახური, ხშირია ასე, რადგან ერთი სამსახურით ოჯახს ვერ შეინახავ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული, რათა ასეთ დროს ნებით გადავსხდეთ და არა იძულებით. შეიძლება სამსახური 1 კილომეტრში გქონდეს, მაგრამ ვერც ველოსიპედით მიხვალ, რადგან ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, აღმართ-დაღმართიანია. ასევე, ფიზიკურად შესაძლოა, ყველა ვერ იყოს იმ ფორმაში, რომ ეს ერთი კილომეტრი იაროს. საერთოდ კატასტროფა ხდება შშმ პირებისთვის. ამიტომ, თითო კატეგორია უნდა გავმართოთ ჯერ და არა ყველა ერთად. მაგალითად, მოვაგვაროთ ჯერ ფეხით მოსიარულეების პრობლემა. იმ უღრან ტყეში ვართ და ხან ერთ მხარეს მივდივართ, ხან - მეორე.

ქალაქი მიდის სიმაღლეში - თბილისის მდებარეობა არ იძლევა ამდენი მშენებლობის საშუალებას, დაუშვებელია ამდენი კორპუსის მშენებლობა გაგრძელდეს ქალაქის ცენტრში. უნდა გაიშალოს ეს არეალი.

შუქნიშნები - მათი დამატება ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას. რაც მეტია შუქნიშანი, მით მეტი საცობი იქმნება.

მე მგონია, ქალაქის მერს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ანუ იმას, რაც იმ მომენტში მისთვის იქნება მისაღები. უცხოელ სპეციალისტებს კი ვენდობით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომლისთვისაც ის საცობი უშუალოდ დისკომფორტია. ჩემი აზრით, უფრო სწორ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებენ და იმ უღრან ტყეში აღარ შევლენ. მათ უნდა თქვან სინამდვილეში რაც არის და არა ის, რაც ამა თუ იმ ადამიანს გაუხარდება“, - ამბობს მელაძე.

ეკა დარჩიაშვილი