საქართველოს აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილე ეწვევა

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ მარი, ცხრა ამერიკული კომპანიისაგან შემდგარ სავაჭრო მისიასთან ერთად, 11-13 მარტს საქართველოს ეწვევა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვაჭრობის მდივნის მოადგილე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ასევე გაიმართება შეხვედრები "საქპატენტში", "საქართველოს რკინიგზასა" და ამერიკის სავაჭრო პალატაში.

12 მარტს ვაჭრობის მდივნის მოადგილე საქართველოს ატლანტიკური საბჭოში სიტყვით გამოვა. "ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან, რათა სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილონ. სავაჭრო მისიის მიზანია ამერიკული კომპანიებისთვის ბიზნეს-შესაძლებლობების მოძიება, აშშ-საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობა რეგიონში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასამტკიცებლად", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.