რუსეთში უცხოეთის მიმართულებით ავიარეისებზე მყიდველთა 90%-მა ცალმხრივი ბილეთი დაჯავშნა... ბილეთებზე მოთხოვნა  კი, 77%-ით გაიზარდა  - Forbes.ru

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო.

რუსული forbes-ის ცნობით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები ფრენებს უვიზო ქვეყნებში ეძებენ, როგორიც არის საქართველო, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი და ტაჯიკეთი. უფრო მეტიც, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს უცხოური მიმართულების ბილეთების მყიდველთა 90%-მა ცალმხრივი ბილეთი დაჯავშნა, რაც, წინა დღესთან შედარებით, 18%-ით მეტია. ამასთან, ხვალინდელი დღისთვის aviasales.ru-ზე შეთავაზებების უმეტესობა იყიდება შენიშვნით, რომ „დარჩენილია 1 ბილეთი,“ ხოლო მოგვიანებით თარიღებზე ბილეთებისა და ფასების შეთავაზების შედარებით მეტი არჩევანია.

ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, Forbes-ს განუცხადა, რომ საზღვარგარეთ ავიაბილეთების საშუალო ღირებულება დღეში 77%-ით გაიზარდა.

ავიაბილეთების გარდა, მოთხოვნა საზღვარგარეთის სასტუმროებზეც გაიზარდა. ონლაინ დაჯავშნის სერვის Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ძიების რაოდენობა, 19 სექტემბერთან შედარებით, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველოში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ უფრო ხშირად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. ნეიტრალურ 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა, ასევე, 5-ჯერ ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში გაიზარდა.

Forbes-ის წყარო რუსეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ამბობს, რომ მობილიზაციის დღიდან ახალი მოვლენა დაფიქსირდა: გაიზარდა ისეთი ტურების შესყიდვების რაოდენობა, რომელიც ცხადყოფს, რომ პაკეტი იაფი ბილეთის (მათ შორის ჩარტერული) მიზნით არის შესყიდული და ტურისტებისთვის სრულიად უმნიშვნელოა, თუ როგორი სასტუმრო შედის მომსახურებაში. წყაროს ცნობით, მობილიზაციის თავიდან აცილების კიდევ ერთი ვარიანტი დასასვენებელ ქვეყანაში დარჩენაა. პლაჟის სეზონზე დამსვენებელი რუსი ტურისტები ვადას აგრძელებენ. 22 სექტემბერს, ერთი კვირიდან ერთ თვემდე დასვენების გახანგრძლივების შესახებ ტურისტების რამდენიმე მოთხოვნა დაფიქსირდა თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და მალდივებზე.