ევროკავშირმა ინფლაციასთან ბრძოლასა და ენერგოკრიზისის დაძლევაში 450 მლრდ ევრო დახარჯა

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მზარდი ინფლაციისა და ენერგოკრიზისის დასაძლევად 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე 450 მლრდ ევრო დახარჯეს სხვადასხვა პროგრამებისა და საკუთარი მოსახლეობის დახმარების პაკეტების გამოყოფით. ამის შესახებ მონაცემებს ავრცელებს ბრიუსელში აკრედიტებული ბრეიგელის კვლევითი ინსტიტუტი.

მათი ცნობით, ამ თანხიდან 314 მლრდ ევრო მოდის ელ-ენერგიაზე ფასების შეკავებაზე, რომელიც გამოიხატება სუბსიდიებით და მოსაკრებლების შემცირებით, იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც ენერგიის წარმოებით არიან დაკავებულები.

ამ ტიპის ხარჯების კუთხით პირველ ადგილზეა გერმანია, რომელმაც 100,2 მლრდ ევრო დახარჯა. მეორეზეა იტალია 59,2 მლრდ ევროთი, მესამეზე კი საფრანგეთი 53,6 მლრდ ევროთი.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წევრი ქვეყნების უმეტესობამ ზომები მიიღო, ის მაინც მოკლევადიანად ითვლება და შესაძლოა, ჩაითვალოს სტრუქტურულად, ვინაიდან სახელმწიფოების ჩართულობა ამ მხრივ სულ უფრო მზარდია.

კოკა კვირკველია