რუსული მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი 150-152 მილიონ ტონამდე გაიზარდა

აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტმა („ИКАР“) წელს რუსეთის ფედერაციაში მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი 150-152 მილიონ ტონამდე გაზარდა, რაშიც ხორბლის წილი 99-100 მილიონი ტონაა.

„მართალია, ჩვენი ადრინდელი პროგნოზი ისედაც რეკორდული იყო, თუმცა დღეს ის საკმაოდ მოკრძალებული ჩანს, რადგან რეალობამ ჩვენს პროგნოზს გარკვეული პარამეტრებით სერიოზულად გადააჭარბა, ამიტომ გვიწევს, მოსავლის პროგნოზი სერიოზულად გავზარდოთ,“ – განაცხადა „ИКАР“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ ჟურნალ „აგროინვესტორის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, „მოსავლის წარმოება რუსეთში - 2022/23.“

სექტემბრის დასაწყისში „ИКАР“ 97 მილიონ ტონა ხორბლის, ხოლო მთლიანი მარცვლეულის 147-148 მილიონ ტონა მოსავალს პროგნოზირებდა. რილკოს თქმით, მარცვლეულის რეკორდული მოსავლის გარდა, რუსეთში ზეთოვანი კულტურების რეკორდული მოსავალიც არის მოსალოდნელი. ამ კულტურებში ის მზესუმზირის, სოიოს და რაფსის გარდა, ზეთის სელს ასახელებს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ზეთოვანი კულტურების ამ სამეულს დაემატა.

ამასთან, „ИКАР“ შაქრის ჭარხლის კარგ მოსავალს მოელის, რის შედეგადაც შაქრის წარმოება, ანალიტიკოსების აზრით, 6,4 მლნ ტონას მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ