Volkswagen-ი გაზის დეფიციტის გამო გერმანიიდან წარმოების გადატანას არ გამორიცხავს

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen AG ავტომობილების წარმოების გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან სხვაგან გადატანას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ბუნებრივი აირის დეფიციტი დროში გაიწელება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. „კომპანია აღნიშნულ ნაბიჯს ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს მოკლევადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს VW-ის შესყიდვების დირექტორი გენ უ სააგენტოსთან საუბრისას.

გარდა გერმანიისა, ავტომწარმოებელს ქარხნები აქვს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ჩეხეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ასევე ძლიერ არის დამოკიდებული რუსული გაზის მიწოდებაზე - აღნიშნავს სააგენტო.

„ალტერნატივის სახით მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ვფიქრობთ ოპერაციის დიდ ლოკალიზაციაზე, საწარმოო სიმძლავრების რელოკაციაზე ან ტექნიკურ ვარიანტებზე, რომლებიც უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა პრობლემურ კონტექსში, რაც დაკავშირებულია ნახევარგამტარების უკმარისობასთან და მიწოდების ჯაჭვში არსებულ სხვადასხვა პრობლემებთან“, - აცხადებს გენ უ.

როგორც Bloomberg-თან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ჩრდილოეთ ევროპისა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე, საიდანაც უფრო მარტივად იღებენ გათხევადებულ აირს, შესაძლოა, გახდნენ VW-ის წარმოების რელოკაციის მთავარი ბენეფიციარები.

ცნობისთვის, VW-ს აქვს საწარმოები პორტუგალიაში, ესპანეთში და ბელგიაში - ქვეყნებში სადაც ეფექტურად მუშაობს გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალები.

კოკა კვირკველია