ესპანეთში მაღალ შემოსავალზე დროებით გადასახადს შემოიღებენ

ესპანეთის მთავრობა მაღალ შემოსავალზე ახალი დროებითი გადასახადის შემოღებას გეგმავს, რომ ნაკლებად შეძლებული ადამიანებისთვის გაზრდილი ხარჯები დააკომპენსიროს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრ მარია ხესუს მონტერომ განაცხადა, რასაც RTVE ავრცელებს.

მისი თქმით, ახალი გადასახადის დაწესების შემთხვევაში, ის 2023 წლიდან შევა ძალაში და გავრცელდება მაღალი შემოსავლის მქონე ესპანელებსა და იმ კომპანიებზე, რომლებიც ზედმეტ მოგებას იღებენ. მათ შორის არის ენერგეტიკულ კომპანიები. გადასახადი ძალაში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იქნება.

ახალი გადასახადი განსხვავებული იქნება მოქმედი სიმდიდრის გადასახადისგან, რომელიც 700 000 ევროზე მეტი ღირებულების აქტივებზე არის დაწესებული და ავტონომიური თემების მთავრობაში შედის. თუმცა ზოგიერთი მათგანი, მსხვილი ბიზნესის მიზიდვის მიზნით, ამ გადასახადის გაუქმებას ან შემცირებას გეგმავს.

უკრაინის ომის, ინფლაციისა და ენერგოფასების ზრდის, ასევე, უმუშევრობის მატების გამო ესპანეთის ეკონომიკამ ზარალი განიცადა. ივნისში ესპანეთის მთავრობამ სოციალური დახმარებისთვის 9 მლრდ ევროზე მეტი გამოყო, ხოლო ივლისში, ფასებისა და კომუნალური მომსახურების ღირებულების ზრდის ფონზე, ცნობილი გახდა ესპანეთის ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიებისთვის „საგანგებო და დროებითი“ გადასახადის შემოღების შესახებ. რომელიც, ასევე, ორი წლის განმავლობაში მოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ