ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულებმა 1000-ზე მეტი სასაფლაო და 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა მოაწესრიგეს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.

“ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ სუფთავდება და წესრიგდება 550-მდე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი, 160-ზე მეტი სპორტული მოედანი ყველა მუნიციპალიტეტში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500კმ-მდე სანიაღვრე არხი. მოწესრიგდა და დასუფთავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ აზიური ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.

400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღოთ დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოვლასა და მოწესრიგებაზე, ასევე ბავშვებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნაზე“,- აღნიშნავს მინისტრი.