20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს ერთ მილიარდზე მეტი დავალიანება ჩამოეწერება

20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს ერთ მილიარდზე მეტი დავალიანება ჩამოეწერება.

საგადასახადოს გადამხდელთა გარკვეული კატეგორიის დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ ბრიფინგი დღეს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა გამართა. მისი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს 2014 წლის 12 დეკემბერს "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ჩამოწერას დაექვემდებარება 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ამ ცვლილების ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება. ასევე, 2009 წლის 1-ელ იანვრამდე აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა აღიარებული გადასახადის თანხით გადახდის პირობით თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, ასევე შეღავათები შეეხო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხულ ჯარიმას.

ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 3 612 გადასახადის გადამხდელს 334 მილიონ ლარზე მეტის ოდენობით დავალიანება უკვე ჩამოეწერა, ეს პროცესი კი სრულად, სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება და 20 ათასზე მეტ გადამხდელს შეეხება. ამასთან, მოისწრაფიშვილის თქმით, ინდივიდუალური მომართვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაიზრდება იმ გადამხდელთა რაოდენობა, რომლებიც საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდებიან.