მცურავი საბაჟო გადასახადის 10 დოლარით დაწევის შემთხვევაში, სრულ კონკურენციაში შევალთ ფქვილის იმპორტთან - ლევან სილაგავა

რუსეთში, ხორბალზე საბაჟო გადასახადი ბოლო ორ თვეში 1 ტონა ხორბალზე 149 დოლარიდან 44.45 დოლარამდეა შემცირებული. 28 სექტემბრიდან კი ეს გადასახადი 42 დოლარამდე მცირდება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ გადასახადის კიდევ მინიმუმ 10 დოლარით დაწევაა საჭირო, რომ ხორბლის იმპორტი სრულად აღდგეს.

„დიდი წისქვილკომბინატები ჯერ ისევ გაჩერებულია, თუმცა შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ამაზე იფიქრონ. მიზეზი, მცურავი ბაჟის მნიშვნელოვანი შემცირებაა. ჩვენ გვჭირდება, რომ 30-25 დოლარის ფარგლებში იყოს საექსპორტო გადასახადი, რათა სრულ კონკურენციაში შევიდეთ ფქვილის იმპორტთან. ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დიდი წისქვილების ამუშავება სრული სიმძლავრეებით.

მსოფლიო ბაზრის ტენდენციები დღეს ისეთია, რომ ფასი სტაბილურდება, მაგრამ ქვეყანამ ყოველთვის უნდა ემზადოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რათა დაიცვას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ამისთვის საჭიროა, სრულად მუშაობდეს ჩვენი წისქვილები, რომლებიც თავისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ქმნიან ხორბლის მარაგებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ადგილობრივი ხორბლის წარმოების ზრდა.

დადებითი ფაქტორია, რომ რუსეთის ფერმერთა ასოციაციამ და მასში გაერთიანებულმა 193 ათასმა ფერმერმა კიდევ ერთხელ მიმართა პრეზიდენტ პუტინს, პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მცურავი ბაჟის მოხსნის მოთხოვნით, რადგან ფერმერები ვერ ყიდიან მოსავალს. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლოა, მალე მოიხსნას მცურავი ბაჟი ხორბალზე და როგორც მიმართვაში წერია, რეგულირება მოხდეს კვოტირებით. ეს ერთის მხრივ არ დააზარალებს რუსეთის ბაზარს და მეორეს მხრივ, ფასის რეგულირებას შეუწყობს ხელს“, - განუცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, ერთ თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი 418,6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 11,633 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 29 775 ტონა ხორბალი შემოვიდა, გასულ თვეს კი მხოლოდ 2,243 ათასი აშშ დოლარის 5,469 ტონა ხორბალი.

თამარ მუკბანიანი