ქართული სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა - „ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“

„ოთხი სახეობის იტალიური სუფრის ყურძნის ჯიში გვაქვს. პირველი, რომელიც ყველაზე ადრე მოდის და ამჟამად რთველიც დაწყებულია, არის „იტალია მუსკატი“. შემდეგ მოდის „რეგალი“, „კრისომ სიდლესი“ და „რედგლობი“. ამ ოთხი ჯიშისგან წელს რამდენიმე ტონას ველოდებით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამ ოთხი სახეობის ყურძნიდან ორი წიპწის გარეშე ჯიშს წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „უკვე მეორე წელია, რაც სუფრის ყურძენი მოგვყავს და მინდა აღვნიშნო, რომ სრულყოფილი სხმობადობა იქნება მომავალ წელს. შარშანდელი მოსავალი დაახლოებით 80 ტონას შეადგენდა, წელს კი ეს მაჩვენებული სავარაუდოდ გასაამმაგებული იქნება, მომავალ წელს კი გაორმაგებული, ვიდრე წელს“.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ყურძენი წელს ექსპორტზე პირველად გავა. „როგორც გითხარით, სრულყოფილ მოსავალს მესამე წელს, ანუ მომავალ წელს ავიღებთ, ამიტომ ექსპორტი სრულად სწორედ მომავალ წელს გვექნება. რაც შეეხება ქვეყნებს, ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“.

იტალიის სამხრეთით არის ცნობილი პულია, სადაც ყველაზე კარგი სუფრის ყურძენი მოდის. და ჩვენი მოყვანილი ხარისხით სწორედ იტალიაში მოყვანილის იდენტურია, რადგან მის მოყვანაში იტალიელ სპეციალისტები გვყავდა ჩართული და სწორედ მათი შეფასებით გვაქვს ისეთივე მაღალი ხარისხის ყურძენი“, - განაცხადა Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

ეკა დარჩიაშვილი