თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის წევრებს, მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათი ცნობით, თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის და ევროპარლამენტის წევრებმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.