მარნეულის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება, ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ევროპის საბჭოს პროექტია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ევროპის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა თხუთმეტი სამიზნე მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერა ხელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.