აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა - მოიმატა ნავთობის ექსპორტმაც

აზერბაიჯანმა მიმიდნარე წლის 8 თვეში გაზისა და ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს იანვარ-აგვისტოს ანგარიშში წერია.

ამ პერიოდში აზერბაიჯანმა სულ 30,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 9,7%-ით მეტია. აქედან 14,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტირებულია.

ევროპაში ქვეყნიდან მთლიანობაში 7,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მილიარდი კუბური მეტრი, საქართველოში კი 1,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა.

რაც შეეხება ნავთობს, მინისტრის მიერ გამოქვეყნებული 8 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, წარმოებული 21,8 მილიონი ტონა ნავთობიდან ექსპორტზე 17,6 მლნ ტონა გავიდა. ამ მოცულობიდან, დაახლოებით, 16,6 მლნ ტონა კონსორციუმმა, ხოლო 1 მლნ ტონა SOCAR-მა გაიტანა. ამასთან, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ძირითადად, იტალიაში გაიტანა, სადაც ექსპორტის მოცულობამ 7 მილიონ 37,6 ათასი ტონა, ხოლო ღირებულებით 5 291 400 000 დოლარი შეადგინა.

რვა თვეში აზერბაიჯანმა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსოფლიოს 26 ქვეყანას მიაწოდა. მთლიანობაში, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან 17 მილიონ 983,7 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტი არის ექსპორტირებული, რომლის საერთო ღირებულებაც 13 მილიარდ 724,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამ ქვეყნებიდან, იტალიის შემდეგ, ყველაზე მეტი, მილიონ 599,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტი ინდოეთში იქნა ექსპორტირებული, რომლის საერთო ღირებულებამაც მილიარდ 341,6 მილიონი დოლარი შეადგინა. შემდეგი ქვეყანა ისრაელია, სადაც მილიარდ 177,9 მილიონი დოლარის ღირებულების მილიონ 632,4 ათასი ტონა პროდუქცია შევიდა. რაც შეეხება თურქეთს, იქ მხოლოდ 308 ათასი ტონა, ანუ 173,5 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები იქნა ექსპორტირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ