ილონ მასკი ირანში Starlink-ის თანამგზავრულ ინტერნეტს გაუშვებს

ილონ მასკმა ირანში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ ქსელის გაშვება დააანონსა. ამის შესახებ მან Twitter-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პოსტის საპასუხოდ დაწერა, ხაზინის მიერ ზოგადი ლიცენზიის გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ირანელებს საშუალებას აძლევს ციფრულ კომუნიკაციებზე ირანის მთავრობის ცენზურის საწინააღმდეგოდ უკეთესი წვდომა მიიღონ.

23 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის დიდ ნაწილზე ინტერნეტი აკრძალა, აშშ-ის ხაზინამ ზოგადი ლიცენზია გამოსცა. „მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობა წყვეტს თავისი ხალხის გლობალურ ინტერნეტზე წვდომას, შეერთებული შტატები დგამს ზომებს ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის და ირანელი ხალხისთვის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე წვდომის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები სტუდენტ მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო პოლიციამ დააკავა. 22 წლის გოგონა მოულოდნელად კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მასკმა Satrlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ეკა დარჩიაშვილი