კახა კალაძე ენერგეტიკაში 600 მილიონის ინვესტიციას ელოდება

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც 2015 წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება.

კითხვაზე, რა მოცულობის ინვესტიციებს ელოდება კახა კალაძე ენერგეტიკაში, მინისტრის თქმით, საუბარია 600 მილიონის ინვესტიციაზე. "ეს არის მიმდინარე პროექტები, რომელიც ხორციელდება. კერძოდ, ეს არის აჭარის წყალი, კირნათისა და ხელვაჩაურის ჰიდროელექტროსადგურები, სადაც მხოლოდ წელს დაახლოებით 50-60 მილიონამდე დაიხარჯება. ასევე "ტა ტა" ჯგუფის პროექტები, სადაც წელს 100 მილიონი დაიხარჯება. აღსანიშნავია დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ EBRD-მა გამოუყო დაფინანსება 50 მილიონის და წელს ეს ჰიდროელექტროსადგური დასრულდება და შევა ექსპლოატაციაში, რაც ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, აღსანიშნავია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები, ქვესადგურის რეაბილიტაციები, ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ეს ყველაფერი შეადგენს იმ თანხას, რაზეც ვსაუბრობდი", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როდის დაიწყება "ჰუდონჰესის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მინისტრის თქმით, სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია.