კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს და მას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა და ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ესწრებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, ბიზნესმენების მხრიდან დიდი ინტერესია ენერგეტიკის მიმართულებით.

"გვექნება შეხვედრა ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან. დიდია ინტერესი ენერგეტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით. აქტიურად არიან ჩართულები საფინანსო ორგანიზაციები, ქართული ბანკები. გვექნება გასაუბრება, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, თუ არის ისეთი რეგულაციები, რაც მათთვის შეფერხებებს წარმოადგენს, სად შეგვიძლია შეღავათი გავუწიოთ და ა.შ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ასევე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მისი თქმით, ბიზნესასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. "გვექნება საუბარი საინტერესო თემებზე. ბუნებრივია ეს დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვინდა გავიგოთ და მოვისმინოთ, არის ამ სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ, რამეთუ ინვესტიციები არის ის საკითხი, რომელიც ყველა ბიზნესმენს აინტერესებს. ჩვენ ასევე მას მოვუყვებით ჩვენი გეგმების შესახებ", - განაცხადა ფხაკაძემ.