ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს

რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი.

ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს.

გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.

რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.

დადგენილების თანახმად, რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადის გაანგარიშების საბაზისო ფასმა ტონაზე, მანამდელი 1 000 დოლარის ნაცვლად, 82 500 რუბლი (1 415 დოლარი), ტონა შროტზე კი, 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლი (238 დოლარი) შეადგინა.

საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ზეთის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, 8 თვეში საქართველომ სულ 24,445 მლნ დოლარის ღირებულების (12 991 ტონა) ზეთი იყიდა, აქედან 19,272 მლნ დოლარის (10 594 ტონა) რუსეთში. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 3,090 მლნ დოლარი (1 545 ტონა) და მესამეზე უკრაინა 683,7 ათასი დოლარი (387 ტონა).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ