მოდლოვის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე რეაგირების ზომებს აძლიერებს

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუმ სამოქალაქო სამსახურებს ბირთვული კატასტროფის ან ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე რეაგირების ზომების შემუშავება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ Newsmaker ავრცელებს.

მაია სანდუ აცხადებს, რომ მართალია, ამჟამად ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, მაგრამ მისი სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უშიშროების უმაღლესმა საბჭომ მთავრობას რეკომენდაცია გაუწია, რეაგირებისა და შედეგების დასაძლევად მზადყოფნა გადაამოწმოს. უშიშროების საბჭომ, ასევე, კამპანიის დაწყების რეკომენდაცია გასცა, რომ ბირთვული კატასტროფისგან დაცვის საშუალებებზე საზოგადოების ინფორმირება მოხდეს.

კიშინოვის მერიამ მოსახლეობისთვის რეკომენდაციები აგვისტოს დასაწყისში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის საფრთხის გამოც გამოაქვეყნა. ატომური კატასტროფის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, დახურულ ოთახში შესვლასა და იქ დარჩენას ურჩევდა. რეკომენდაციეაში, ასევე, ეწერა, რომ ოთახში უნდა დაიხუროს ფანჯრები, კარი და ამოივსოს სავენტილაციო ხვრელები. ასევე, გამოირთოს სავენტილაციო სისტემა, თუკი ასეთი არსებობს. თუ მოქალაქე მანქანაშია, მაშინვე უნდა აწიოს საქარე მინები, გამორთოს ვენტილაცია და დატოვოს დაბინძურების ზონა. ამასთან, მოქალაქემ უნდა გაიხადოს ტანსაცმელი და მოათავსოს პლასტიკურ პაკეტში. კარგად ჩამოიბანოს თმა და დაიბანოს ტანი. ეს ყველაფერი, მერიის განმარტებით, რადიოაქტიური მტვრის ნებისმიერ ნაწილაკს გაანადგურებს. ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური იოდის შეწოვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული იყო კალიუმის იოდის აბების მიღება, თუმცა, უწყების ცნობით, ეს აბები საჭიროა მხოლოდ დიდი ბირთვული ავარიის შემთხვევაში, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ამ აბებიდან სწრაფად შთანთქავს სტაბილურ (არარადიოაქტიურ) იოდს და რადიოაქტიური იოდის დაგროვებას აჩერებს, ამიტომ ამ უკანასკნელს სხეული სწრაფად გამოდევნის.

დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რეაგირების გეგმას დასავლური ქვეყნების დედაქალაქებიც განიხილავენ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული მუქარის რეალიზებას დაიწყებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლი პირადად გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება რუსეთისთვის „კატასტროფულ შედეგებს“ მოიტანს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ