რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია - „თიბისი კაპიტალი“

„რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია,“- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

„აგვისტოში ექსპორტის, იმპორტის, სამშენებლო მასალებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების კლება გაგრძელდა, რაც ჩვენი დაბალი ინფლაციის პროგნოზსთან თანხვედრაშია. ამავდროულად, რეალური ექსპორტის შემცირება მშპ-ს ზრდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელში, რომელიც ამავე თვეში ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე მიუთითებდა, გათვალისწინებული არ იყო.

საერთაშორისო დინამიკის მხრივ, აშშ დოლარი ბოლო დროს მოსალოდნელზე მყარი აღმოჩნდა, თუმცა, საშუალოვადიანი ინდიკატორები კვლავ დოლარის შესუსტებაზე მიუთითებს. ამასთან, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტთა დამატებითი შემოდინება ლარისთვის პოზიტიურია, თუმცა, რომ განვმეორდეთ, თუკი აშშ დოლარი გლობალურად არ შესუსტდება, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინება უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას გამოიწვევს, ვიდრე ლარის დამატებით გამყარებას,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი