გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში გამართა. "ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ძირითად მაკოორდინირებელ რგოლს წარმოადგენს. მისი როლი ჩინეთში ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახალი გლობალური პროექტების ამოქმედების მიმართულებით. აღნიშნულ ეტაპზე, ასეთია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ინიციატივით დაწყებული პროექტი "ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი", რომლის განხორციელების ძირითად კოორდინატორად ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტია მიჩნეული", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, კომიტეტის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მხრიდან მაღალი რანგის შეხვედრა პირველად გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას განიხილა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

"შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელის" პროექტის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელსაც ის პროექტში მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს მოუტანს. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია აღნიშნულ პროექტში მაქსიმალური ჩართულობით. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე ისაუბრა, რომლის ტერიტორიაზეც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობაცაა დაგეგმილი. მისი განხორციელების შედეგად, საქართველო შეასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და გახდება მნიშვნელოვანი რგოლი ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შესახებ, რომელიც "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელის" პროგრამაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც განსაკუთრებით არის შესაძლებელი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ასეთ სექტორებს შორისაა: ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენელს აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო. დაგეგმილია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ყოვეწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობას აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ", - განმარტავენ უწყებაში.