ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რის მიხედვით დაკორექტირდა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ სამსახურებრივი სამივლინებო ხარჯების ნორმა

სამსახურებრივი სამივლინებო ნორმები დაკორექტირდა. კერძოდ, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, ქვეყნის შიგნით მივლინებების დაფინანსება, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი, გაორმაგდება და 30 ლარი გახდება.

ქვეყნის გარეთ მივლინების დროს კი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან.

მისივე თქმით, დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ იქნება 45, 60, 75 დოლარი, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრების დონის მიხედვით, რა ფასებია.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ანალოგიურად გამოიცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ანალოგიურად იქნება ნორმები გადახედილი. მრავალი წლის განმავლობაში ეს ნორმები მოქმედებდა საქართველოში, არ ყოფილა განხორციელებული მისი გადახედვა. მიუხედავად იმისა, რომ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ არსებულ ნორმებთან მიმართებაში არსებითად ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანაში შეცვლილია, შესაბამისად მოხდა დაკორექტირება იმ ნორმებისა, რა ნორმებიც იყო დადგენილი. ეს ეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი, ეს გაორმაგდება და გახდება 30 ლარის ოდენობით. ქვეყნის გარეთ მივლინების დროს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან. ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებაც იქნება გათვალისწინებული და დაახლოებით 37%-იანი ზრდა იქნება საშუალოდ ქვეყნების მიმართულებით, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, გამომდინარე იქიდან, რა რაოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში.

ძირითადად სამი კატეგორია იქნება. დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ იქნება 45, 60, 75 დოლარის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით. გადაიხედება სასტუმროს ნორმებიც, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით. ეს ნორმები იარსებებს, როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადი“, - აღნიშნავს მინისტრი.

მინისტრის თქმით, დადგენილება უახლოეს დღეში შევა ძალაში.

„ეს დადგენილება უახლოეს დღეებში შევა ძალაში. რაც შეეხება კატეგორიებს, კატეგორიები დადგენილია არა იურიდიული პირების, ან და კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიხედვით, არამედ ეს კატეგორიები დადგენილია ქვეყნების მიხედვით, რომელ ქვეყანაში რა ოდენობის სამივლინებო ნორმა იქნება განსაზღვრული. პირობითად, დიდ ბრიტანეთში განსხვავებული იქნება და ისეთ ქვეყანაში, სადაც იმდენი ხარჯები არ არის საჭირო ცხოვრებისთვის, იქ შედარებით ნაკლები იქნება. ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყანაში არსებულ საფასო პოლიტიკაზე“,- აღნიშნავს მინისტრი.