ენერგოომბუდსმენი: კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის.

ამის შესახებ ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდებიან. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, კომპანიების მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა ენერგოპოლიტიკას, ინვესტიციებს და ტარიფებსაც. "როგორც ყველამ ვიცით და საჯაროდ გამოცხადებულია კომპანიების მხრიდან, კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე გაზის გაძვირება არ იგეგმება. ყველასთვის დაირიცხება ერთიანი ტარიფი, მაგრამ სამომავლოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად კომპანიების მხრიდან და რას უნდა ველოდოთ, რასაკვირველია, სამომავლო პროგნოზების გაკეთება ამ კონკრეტულ ეტაპზე შესაძლებელი არ არის", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგო ომბუდსმენის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან დენის ტარიფთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიაში სატარიფო განაცხადები წარმოდგენილი არ არის. "ამასთან დაკავშირებით, მეც როგორც ენერგოომბუდსმენს, არანაირი ინფორაცია არ მაქვს", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

რაც შეეხება დენის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, სალომე ვარდიაშვილის თქმით, სემეკში აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართება საჯარო და ღია განხილვები, სადაც ყველას ექნება დასწრების შესაძლებლობა. "რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს დამოკიდებულია საჯარო განხილვების შედეგებზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ მხრივ ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ვარდიაშვილმა.