საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3 მლრდ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.96%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 777.43 მლნ ლარით, ანუ 4.99%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.63%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.22 მლრდ ლარით, ანუ 9.58%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.53%-ით).

ამასთან, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 41.91 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით).

სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.13% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.21%, ხოლო ევროს წილმა 16.39% შეადგინა.

თაია არდოტელი