ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს!

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები IT პროფესიონალებისთვის.

ალტე უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი კურსის მიზანია, უპასუხოს საქართველოში არსებულ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია IT სფეროში პროფესიონალი კადრების სიმცირესთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესებული პირების აქტიურად ჩართვა პროექტში, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა ჩართულობაზეც. წარმატებული კურსდამთავრებულების უმეტესობას ექნება უნიკალური შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა საქართველოში წამყვან უმსხვილეს კომპანიებში, მიიღოს სერტიფიკატი და დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.

„Angular არის IT პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება მულტიფუნქციური ვებ-გვერდები და აპლიკაციები, როგორიც არის მაგალითად - Google-ის ძირითადი პლატფორმები, საქართველოში უამრავი კომპანიის შიდა მოხმარების აპლიკაცია და სხვა. ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით პროფესიონალი კადრების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ანგულარის სასერტიფიკატო კურსი ორმაგად საპასუხისმგებლოა, გამომდინარე იქედან, რომ ალტე უნივერსიტეტისთვის IT ინდუსტრიის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ქალების გააქტიურება, სამოქმედო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, - აღნიშნავს ირინკა დავითაშვილი, ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.

„მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ალტე უნივერსიტეტთან, რის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ ოცდაათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ IT პროფესიონალს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში Angular-ის მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებაში. შეძენილი უნარები კურსის თითოეულ მონაწილეს მისცემს უამრავ შესაძლებლობას და შეუქმნის პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც ის მიიღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. ” - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი.

სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია 27 სექტემბერს დაიწყო. მონაწილეთა შერჩევა კი ორ ეტაპად - ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 6 თვიან პროგრამაზე სწავლას ნოემბრის დასაწყისში დაიწყებენ. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ალტე უნივერსიტეტის შესახებ

ალტე უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 15 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტის მისიაა სტუდენტებისთვის სრულფასოვანი ცოდნისა და ყველა საჭირო უნარის მიცემა, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.alte.edu.ge.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ

5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.facebook.com/EconSecProgram.

(R)