აფრიკის სასურსათო უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა - ბანანის სულ უფრო მეტი პლანტაცია TR4-ით ინფიცირდება

ბანანის ახალი სოკო - TR4 სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში. მცენარეთა პათოლოგიის პროფესორი გერტ კემა და მისი კოლეგები ამბობენ, რომ დაავადება აფრიკის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ფუსარიუმის ჭკნობა ვრცელდება მოზამბიკში, სადაც დომინანტი TR4 შტამი ბანანის ფერმერთა პლანტაციებს აინფიცირებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაავადება აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც გავრცელდა.

მეცნიერების ახალი კვლევა უტრეხტის უნივერსიტეტიდან აჩვენებს, რომ სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი შტამები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზამბიკში აღმოჩენილ პათოგენს ერთი წარმოშობა აქვს.

„დაავადება გრძელდება, მათ შორის მცირე ფერმერების პლანტაციებზე და მოსახლეობის ბაღებშიც კი. ფერმერები, ალბათ, ვერ ცნობენ ამ დაავადებას და, შედეგად, ვერც ადეკვატურად მკურნალობენ“-აცხადებს მკვლევარი.

„საკითხი ის კი არ არის, გავრცელდება თუ არა დაავადება, არამედ ის, თუ როდის გავრცელდება იგი აფრიკის სხვა ქვეყნებში“, - ამბობს სპეციალისტი.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტანზანია, მალავი, უგანდა და რუანდა, ბანანი მილიონობით ადამიანის ძირითადი საკვებია. ისინი ხშირად ზრდიან კავენდიშის ბანანს, რომელიც სუპერმარკეტებში მთელს მსოფლიოში იყიდება.

რაც შეეხება ეკვადორს, რომელიც ბანანის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკვე წლებია, მათ აქვთ საგანგებო გეგმა. „პირველი ნაწილი არის შესაძლო შესასვლელი პუნქტების სანიტარული დაცვა. ამ შემთხვევაში, რადგან საშიშროება ჩრდილოეთიდანაა, პრიორიტეტია ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტების კონტროლი მანქანებისა და ადამიანებისთვის.

ჩვენ შევქმენით ბიოუსაფრთხოების პროტოკოლები, რომლებიც უფრო დიდი გეგმის ნაწილია. სულ მალე, თითქმის 1000 ტექნიკური ექსპერტი გვეყოლება. ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სოკოების პრევენცია და დიაგნოსტიკა და რა უნდა გავაკეთოთ დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში.

ჩართულია პოლიციის დეპარტამენტი, სასაზღვრო კონტროლი, საბაჟო და საიმიგრაციო, სამხედრო და თავდაცვის ინსტიტუტი. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ეროვნული ლაბორატორიები აღჭურვილობით, რათა მივცეთ სწრაფი რეაგირების დნმ-ის ანალიზსა და გენომის თანმიმდევრობას“, - განაცხადა ეკვადორის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბანანის იმპორტი საქართველოში სწორედ ეკვადორიდან ხორციელდება.

ეკა დარჩიაშვილი