ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები, აგრეთვე, უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ხდება მონიტორინგი, რომ არ მოხდეს საზღვარზე არასრული დოკუმენტაციით შემოსვლა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე პიკია.

„რიგები დგას, ხედავთ, ჩვენს მხარეზეც. ჩვენი გამტარიანობა ისე არ არის, რომ 10 და 20 "გეითიანი" იყოს, ახლა უკვე ჩვენც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვყავს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. რომ ვთქვათ, პიკზე ვართ, ამაზე მეტი არა მგონია გაიზარდოს და ვერ გავატარებთ ფიზიკურად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც მან განმარტა, როგორც შემომსვლელი რუსების, ასევე უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაზრდილია.

„ლოგიკურია, თუ 100 კაცში 10-ს უკან ვაბრუნებდით, ახლა 1000 კაცში პირობითად 100 კაცი გაბრუნდება უკან. ჩვეულებრივი მათემატიკაა“,-განაცხადა გომელაურმა.

მან არ დააკონკრეტა, რა არის მოქალაქეების ნაკადის ის ზედა ზღვარი, რომლის მიღებაც საქართველოს შეუძლია.