კახა კალაძე: კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე შენარჩუნდება

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული საფასური პირველ მაისამდე იქნება შენარჩუნებული და ეს ხდება სუბსიდირების ხარჯზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რა იქნება მომავალში ამასთან დაკავშირებით მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს. "ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, რომ შენარჩუნებული იქნება პირველ მაისამდე ეს ტარიფები და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს, მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო, ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დაკაგვა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ საუბარია 15 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე.

ტარიფებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ. მისი თქმით, კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ტარიფი არის დერეგულირებული, შესაბამისად, გასაყიდი ბუნებრივი გაზის ფასს მიმწოდებელი კომპანია განსაზღვრავს. რაც შეეხება დენის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით, თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, მილორავას თქმით, თბოელექტროსადგურებიდან სემეკს ოფიციალური განაცხადი ჯერ არ მიუღია. "ტარიფის გადახედვის მოთხოვნით თბოელექტროსადგურებიდან ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ მიგვიღია. თუმცა ველოდებით, რომ ამ თვის ბოლომდე ეს განცხადება შეიძლება შემოვიდეს კომისიაში", - განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილება თავისთავად ცხადია, რომ თბოელექტროსადგურებზე აისახებოდა. "აქ უკვე კომისია ადგენს ელექტროენერგიის ტარიფს. შესაბამისად, ისინი თავისით ვერ გაზრდიან, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ კომისიას", - განაცხადა მილორავამ.