ჯუანშერ ბურჭულაძე „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე - ეს რუსეთის შიდა საკითხია

ეს რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს „ზემო ლარსის" სასაზღვრო პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და მათ შორის ლარსზეც, კონტროლი გამკაცრებულია.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლაზე დასმულ კითხვას, არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოცხადდა. გუშინ, ჩრდილოეთოსური „ტელეგრამარხები“ იუწყებოდნენ, რომ ადამიანებს ნება დართეს „ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლი გაიარონ და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფეხით გადავიდნენ. ამასთან, გუშინვე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა, რაზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჯავშანტრანსპორტიორი „გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოძრაობს“.