დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში - ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ!

“ლელოს“ დეპუტატების განცხადებით, მათი მოთხოვნაა არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა, არამედ საზღვრის დარეგულირება და მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, დასაბუთებული გამონაკლისებით. პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის აზრით, ის რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი აქვს, მიუღებელი და დაუშვებელია.

“სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ! ჩვენ ცვლილებები მოვამზადეთ, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

“ლელოს“ კიდევ ერთი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას გააჩნია დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მოქალაქეს მიიღებს და რომელ მოქალაქეს არ მიიღებს.

“რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უნდა მიეცეს - მაგალითად, ეთნიკურად ქართველებს, რომელთაც დღეს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნიათ ან ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანებს. ხელისუფლება ამის დარეგულირების შესაძლებლობას აქვს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.