„არ სურთ ჩანდეს, რომ მანქანა რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის“ - გაიზარდა თუ არა საქართველოში რუსების მხრიდან ავტომობილებზე მოთხოვნა

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა იზრდება, მათი ნაწილი კი საქართველოში გადასაადგილებლად ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევს.

შეუძლიათ თუ არა რუსებს საქართველოში შეძენილი მანქანის რეგისტრაცია და გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ბოლო დღეებში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელს, ელგუჯა ჯამაგიძეს დაუკავშირდა.

როგორც ჯამაგიძე ამბობს, უცხოეთიდან შემოსულებს და მათ შორის რუსებს, მანქანის გასაფორმებლად ორი ვარიანტი აქვთ, ესენია: დროებითი რეგისტრაცია და გენერალური მინდობილობა. რაც შეეხება მოთხოვნას და ფასებს, ჯამაგიძის თანახმად, მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც, თუმცა ეს უფრო ევროპულ ბაზრებზე ავტომობილების გაძვირებასთანაა დაკავშირებული.

„მანქანის ყიდვა ერთია და რეგისტრაცია მეორე. უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქ მანქანის რეგისტრაცია დროებით შეუძლია, რომლისთვისაც გადასახდელი თანხაც სრულიად სხვაა. კანონმდებლობით, ეს დრო 3 თვეს შეადგენს, რომლის გასვლის მერეც ის ვალდებულია, აიღოს ქართული ნომერი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, თუ რამე არ შეიცვალა კანონმდებლობაში.

რაც შეეხება მოთხოვნას, შესყიდვის სურვილი აქვთ და მოდიან კიდევაც, თუმცა იმის თქმა, რომ მასობრივად ყიდულობენ, არ იქნება მართალი, ვინც ჩამოდის, ძირითადად, თბილისში რჩება და ტრანსპორტით მოძრაობს. ყიდულობენ აქ უკვე გაფორმებულ მანქანებს მინდობილობითაც. საქართველოში ვინც რუსული ნომრებით დადის, უმეტესად ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ბინადრობის უფლება აქვთ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ყიდის კიდევაც იმ ავტომობილს, რომლითაც შემოდის. არ სურთ ჩანდეს, რომ მანქანა, რომლითაც მოძრაობენ, რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის“, - განმარტავს ელგუჯა ჯამაგიძე.

„რობან მოტორსის“ დამფუძნებელი საუბრობს საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზეც, კერძოდ კი იმაზე, რომ უცხოურ ნომრების მიერ კანონდარღვევებზე ჯარიმები არ ვრცელდება.

„სასურველი იქნება, რომ მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და ყველა უცხოურნომრიანი მანქანა ბაზაში მოექცეს, რადგან მათზე ჯარიმები არ იწერება, იქნება ეს წითელზე გავლა თუ სიჩქარის გადაჭარბება. თუ პატრულმა არ დააფიქსირა, კამერები მათ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ვერ აღიქვამენ.

ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს, უნდა აისახებოდეს კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, თუ ის დაარღვევს ქვეყანაში კანონს, საზღვრის გადაკვეთის დროს ეს უნდა გროვდებოდეს, აკუმულირდებოდეს და მანამ არ უნდა უშვებდნენ, სანამ არ გადაიხდიან. როცა ასეთი პრეცედენტები იქნება, უფრო მეტად სცემენ პატივს კანონმდებლობას. ეს არა მარტო ევროპაში, არამედ ჩვენს მეზობელ თურქეთშიც აპრობირებული მეთოდია“, - გვეუბნება ელგუჯა ჯამაგიძე.

ცნობისთვის, ლარსზე ბოლო 5 დღეში შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა - ამის შესახებ შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახი ჩაკვეტაძე