დავით სერგეენკო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროში მხარეებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ იმსჯელეს. საუბრის ძირითადი თემა შრომის ბაზრის კვლევა იყო, რომელიც ქვეყანაში თებერვლიდან მიმდინარეობს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შრომის ბაზრის კვლევის შედეგები მნიშვნელოვან სურათს დადებს მოთხოვნად პროფესიებზე, კვალიფიკაციაზე და სამინისტროებს საშუალებას მისცემს, დაიგეგმოს შესაბამისი გადამზადების კურსები.

"სამუშაო ადგილების ნაკლებობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შრომის ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსი. კვლევის ამოცანა სწორედ ამ დისბალანსის მინიმუმამდე ჩამოყვანაა. ერთი მხრივ, დამსაქმებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია სამუშაოს მაძიებელზე, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებლები მომზადებული იყვნენ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მათ დასაქმების შანსს გაუზრდის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. მან განათლების სისტემაში შრომის ბაზრის კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის კადრები სჭირდება ბაზარს და რაზე. შესაბამისად, ჩვენ კვლევის შედეგების მიხედვით შევძლებთ დავაბალანსოთ მოთხოვნა-მიწოდება, ანუ მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომელიც ესაჭიროება კერძო სექტორს, ასევე დაგეგმილია თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გადავამზადოთ სამუშაოს მაძიებლები", - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.

კომპანიების წარმომადგენლებმა კი ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ შრომის ბაზრის კვლევის შედეგები კომპანიებს შესაფერისი კანდიდატების მოძიებას გაუადვილებს. კვლევას ტენდერში გამარჯვებული ბიზნეს კონსულტაციის ჯგუფი BCG ატარებს. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 6 220 დამსაქმებელი. კვლევა ორ - თვისობრივ და რაოდენობრივ კომპონენტს მოიცავს. პირველადი მონაცემები აპრილში გახდება ცნობილი.