საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მუშაობას განაგრძობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. ამჯერად, BAG-ის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების სადისკუსიო თემა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის სპეციალური წესი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს.

პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ანგარიშ ფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესზე ნებაყოფლობით გადასვლა, რაც ე.წ. „კეთილსინდისიერ" შემსყიდველს საშუალებას მისცემს თავიდან იქნეს აცილებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას დღგ-ს არამართლზომიერად გადახდა მომწოდებლისთვის და შესაბამისად გადასახადის ჩათვლა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მენეჯმენტმა დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დონეზე.

„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი საგადასახადო შემოწმებისას საკმაოდ მტკივნეულად აისახებოდა ბიზნეს სუბიექტებზე. მისასალმებელია, რომ შემოთავაზებული ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი ხდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას, კეთილსინდისიერი შემსყიდველის დაცვა, რაც მას საშუალებას მისცემს, მესამე პირის (გამყიდველის) ნაცვლად, გადაიხადოს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ს გადასახადი კონკრეტული შესყიდვის ნაწილში, რაც შემდგომში მოსალოდნელი საგადასახადო კონტროლის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს დაიცავს ამ ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებისაგან" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.