Forbes-მა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი გამოაქვეყნა

ბიზნეს გამოცემამ Forbes უმდიდრესი 400 ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია კომპანია Tesla Inc.-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი. ჟურნალის შეფასებით, მასკის ქონება ბოლო 1 წელიწადში 60 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამ დროისთვის 251 მლრდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon.com Inc.-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 151 მლრდ დოლარის კაპიტალით, მესამე კი ბილ გეითსი 106 მლრდ დოლარით. შემდეგ პოზიციაზე Oracle-ის მფლობელი ლარი ელისონი 101 მილიარდით, ხუთეულს ხურავს უორენ ბაფეტი 97 მლრდ-ის ქონებით.

რაც შეეხება ათეულის სხვა წევრებს, აქ პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლარი პეიჯი - 93 მლრდ დოლარი, სერგეი ბრინი - 89 მლრდ დოლარი, სტივ ბალმერი - 83 მლრდ დოლარი, მაიკლ ბლუმბერგი - 76,8 მლრდ დოლარი და ჯიმ უოლტონი 57,9 მილიარდი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დიდი ხნის შემდეგ ათეულიდან გავარდა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც მე-11 ადგილზე გავიდა 57,7 მლრდ დოლარის ქონებით.

ყველაზე შესამჩნევი დებიუტანტი იყო 10 მლრდ დოლარის ქონებით სანავთობო მაგნატი ოტრი სტივენსი, რომელიც 64-ე ადგილზე შემოვიდა, ხოლო დონალდ ტრამპი 3,2 მლრდ დოლარის კაპიტალით რეიტინგში 343-ე ადგილზე დაბრუნდა.

Forbes წერს, რომ ამ 400 უმდიდრესი ამერიკელის ჯამური კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში 500 მლრდ დოლარით შემცირდა, 4 ტრილიონ დოლარამდე. ყველაზე მეტად „გაღარიბდნენ“ ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები, რომლებმაც ჯამში 315 მლრდ დოლარი დაკარგეს.

კოკა კვირკველია