Bitcoin-ის და სხვა კრიპტოვალუტების ფასი მკვეთრად შემცირდა

დაახლოებით 10 დღის წინ Bitcoin-ის ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მცირედით გაიზარდა და 20,000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადასცდა, ეს ტენდენცია ვერ შეინარჩუნა და კვლავ დაღმასვლის გზას დაადგა.

ბოლო 24 საათში Bitcoin-ის ღირებულება 7.4%-ით გაუფასურდა და 28 სექტემბრის დილისთვის კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტა 18,746 დოლარი ღირდა, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მოგვიანებით Bitcoin-მა დანაკარგების ნაწილობრივ აღდგენა შეძლო და ახლა 19,144 დოლარი ღირს.

Bitcoin-ის ნაკვალევს მიჰყვებიან და უფასურდებიან სხვა მსხვილი კრიპტოვალუტებიც. მაგალითად, Ethereum-ის ფასმა 1 დღეში თითქმის 6%-იანი კლება განიცადა და ამჟამად 1,311 დოლარი ღირს.

კრიპტობაზარზე დაღმასვლის ტენდენცია პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გვერდით ეფექტებთან და ინფლაციის მაღალი დონის გამო ეროვნული ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან, რასაც ეკონომიკური ზრდის შენელებასა და რეცესიის რისკთან ერთად მსხვერპლად კრიპტოვალუტებიც ეწირებიან.

ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგ, კვლავ გაზარდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმაც. განაკვეთების ზრდა დოლარს რეკორდულად ამყარებს და მის ფლობას უფრო მომგებიანს ხდის - ინვესტორები ახლა სწორებას დოლარზე აკეთებენ და თანხას ამ ვალუტაში აბანდებენ, შედარებით არასტაბილურ კრიპტოაქტივებს კი ყიდიან, რაც მათ ფასზე უარყოფითად აისახება.

ამჟამად კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 916 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 360 მილიარდი Bitcoin-ზე მოდის, 157 მილიარდი კი Ethereum-ზე.

კახი ჩაკვეტაძე